USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამართულმა სკოლა – ბიზნესის ფორუმმა ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა საკუთარი ხედვა გაეზიარებინათ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ეპოვათ კომპანია, რომელიც პროექტის განხორციელებაში ჩაერთვებოდა. მათ მიერ წარმოდგენილ ინიციატივას მხარი ჩაის ქართულმა ბრენდმა ,,გურიელ”-მა დაუჭირა. შეთანხმებას კონკრეტული ნაბიჯებიც მოყვა, პროექტის განმახორციელებელმა გუნდმა ,,გურიელი“-ს წარმომადგენლებს სკოლაშიც უმასპინძლეს, დაიგეგმა შემდგომი საქმიანობები.
,,გურიელის” მხარდაჭერით სსიპ ქ. ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ოლიმპიადა ჩატარდება, გამოვლინდებიან და დასაჩუქრდებიან გამარჯვებულები.
ფორუმზე მოსწავლეთა მიერ შექმნილი ოცი პროექტი იყო წარმოდგენილი, რომელთა შესახებ ინფორმაციასაც ეტაპობრივად მოგაწვდით.
სკოლა-ბიზნესის ფორუმი ტარდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია PH International ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. გურიის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი.